Irregular Migration Prevention Campaign

თბილისი, 19 სექტემბერი 2016

2016 წლის 3 აგვისტოს ბელგიამ გამოაქვეყნა სია უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების შესახებ. ამ სიაში მოხვდა საქართველო. ბელგიის სამეფოს გარდა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანეს ევროკავშირის წევრმა სხვა სახელმწიფოებმაც: საფრანგეთმა, ბულგარეთმა, ავსტრიამ. რაც ნიშნავს შემდეგს: ბელგიამ (და ევროკავშირის სხვა წევრმა ქვეყნებმა) შეაფასეს საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, სადაც ადამიანებს არ ემუქრებათ საფუძვლიანი საფრთხე იმისა, რომ საქართველოში მოხდება მათი დევნა რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო.

შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით მოითხოვენ თავშესაფარს ბელგიაში, უმრავლეს შემთხვევაში მიიღებენ უარყოფით პასუხს.

ბელგიის საიმიგრაციო სამსახურის მხარდაჭერით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ახორციელებს უკანონო მიგრაციის პრევენციის კამპანიას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას უსაფრთხო მიგრაციასთან დაკავშირებულ და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის საკითხებზე.

კამპანიის ფარგლებში IOM გეგმავს აქტიურ თანამშრომლობას მედიის წარმომადგენლებთან. ამ მიზნით, 2016 წლის 19 სექტემბერს 11:00 საათზე IOM-ის სათაო ოფისში აბულაძის ქ.#19 ჩატარდება მედია ბრიფინგი, რომლის დროსაც მოხდება დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, მედიასთან თანამშრომლობის საკითხების განხილვა, გაჟღერდება ინფორმაცია IOM-ის „გაეროს“-თან დაკავშირებული ორგანიზაციის სტატუსის მიღების შესახებ  და  გამოცხადდება ჟურნალისტების, სკოლის მოწავლეებისა და სტუდენტებისათვის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კონკურსის დეტალები.

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობა 2016 წლის ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით:

ანა კაკუშაძე, პროექტების უფროსი ასისტენტი, IOM საქართველოს მისია, e-mail: akakushadze@iom.int; ტელ.: 599 14 94 29

მარიამ თოქმაზიშვილი, IOM საქართველოს მისია, e-mail: mtokmazishvi@iom.int; ტელ.: 595 05 14 54